საუდის არაბეთმა და თურქეთმა შესაძლოა, სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყონ. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაცია სირიაში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იქნება მიმართული.
"თუ სტრატეგია შემუშავდა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა შესაძლოა, სახმელეთო ოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, საუდის არაბეთმა უკვე დაიწყო საბრძოლო თვითმფრინავების გადასროლა თურქულ ავიაბაზა "ინჯირლიკზე", რომელსაც აშშ-ის ავიაცია სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების დაბომბვისთვის იყენებს.