აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ.
როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ კერიმ ერთ-ერთ არაბულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა.
"თუ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანელები და რუსები კი არ აიძულებენ ასადს, შეასრულოს დანაპირები, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უმოქმედოდ არ იჯდებიან", - განაცხადა კერიმ.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სირიაში ამერიკული სახმელეთო ძალების გაგზავნა გამორიცხა, თუმცა თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის მიზნით მზად არის, სირიაში სამხედროები გაგზავნოს.
12 თებერვალს მიუნხენში მიღწეული შეთანხმებით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დაწესდეს.