რუსეთი ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ ვხედავთ უფრო აგრესიულ რუსეთს, რომელიც ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს. ნატო კონფრონტაციისკენ არ მიისწრაფვის. ჩვენ არ გვსურს ახალი "ცივი ომი", მაგრამ ამავდროულად, ჩვენი პასუხი მტკიცე უნდა იყოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგი ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ფაქტორია.
სტოლტენბერგმა შეახსენა მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს, რომ ბოლო ათლწლეულების განმავლობაში ნატო ახორციელებს კოლექტიური თავდაცვის მასშტაბურ გაზრდას, რაც "ძლიერი სიგნალია ნებისმიერი აგრესიისა თუ დაშინების შესაკავებლად".
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს შეკავების სტრატეგია შეიცავს ბირთვულ კომპონენტსაც. რუსეთი კი, თავისი რიტორიკით და ბირთვული ძალების წვრთნებით მეზობელი ქვეყნების დაშინებას ცდილობს.
"ჩვენ გვაქვს მკაფიო პრინციპები. საზღვრების დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი კურსი. ეს პრინციპები ევროპული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურია", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე შეეხო რაკეტსაწინააღმდეო სისტემის საკითხს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.