დღეს აქ ვიმყოფებით, რათა ხაზი გავუსვათ ნატო-ს მხარდაჭერას, ძლიერ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას საქართველოსთან, - ამის შესახებ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა, კონტრ-ადმირალმა ჯორჯიო ლაციომ ბათუმში შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯორჯიო ლაციომ გაერთიანებული საზღვაო ძალების სახელით გიორგი მღებრიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ბათუმის ნავსადგურში გამართული დახვედრის ღონისძიების გამო.
როგორც ჯორჯიო ლაციომ განაცხადა, ნატო-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შავ ზღვაზე.
"ბოლოს როდესაც აქ იმყოფებოდა ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი, 2013 წელი იყო. მას შემდეგ მსოფლიომ ნახა დრამატული ცვლილებები უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ რაც არ შეცვლილა, ეს იყო ნატო-ს მხარდაჭერა მის მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ, რომლებსაც საზღვარი გააჩნიათ შავ ზღვაზე. ჩვენი შესაძლებლობა, რომ ქართულ მხარესთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საზღვაო სფეროში, საშუალებას გვაძლევს სინამდვილეში გავაძლიეროთ ურთიერთთავსებადობა ჩვენს ძალებს შორის, რომელიც თავის მხრივ, მხარს უჭერს ჩვენს უნარს, ვითანამშრომლოთ შემდგომში მჭიდროდ საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის შავ ზღვაზე", - აღნიშნა ჯორჯო ლაციომ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
"მოგეხსენებათ ერთი კვირის წინ ბრიუსელის თავდაცვის მინისტერიალის დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შემთხვევით და განსაკუთრებით შეაქო ნატო-საქართველოს კომისია და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გაზიარებული უსაფრთხოებისათვის. სხვათა შორის, მე პირადად მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი იმ ჯგუფის წევრი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისარგებლა რა შემთხვევით და შეეხო იმ საკითხს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის რეგულარული გაცვლა საქართველოსთან და იმ გზების გამონახვა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს", - აღნიშნა ჯორჯო ლაციომ.
როგორც ჯორჯიო ლაციომ პრესკონფერენციაზე გამოსვლის დროს განაცხადა, კაპიტან კეზგინის მეთაურობით მიმდინარე ვიზიტი იქნება საფუძველი სამომავლოდ პრაქტიკული თანამშრომლობისთვის.
ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ოთხი ხომალდი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა. ნატო-ს სარდლები ქართველ საზღვაო სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.