ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი მზად არის, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, პარტნიორებთან ერთად, მზად არის საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს კომპანიების მეშვეობით, რომელთა ინტერესის ძირითად საგანს სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე მაშკევიჩის პრესსამსახურიდან ცნობეს, სამედიცინო და ფარმაცევტული ბიზნეს, ის სფეროებია, სადაც, საერთაშორისო მასშტაბით, ალექსანდრე მაშკევიჩს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.
"ფარმაცევტულ სფეროში ოპერირება დაიწყო კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიამ", რომლის მიერ იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტები რამდენიმე დღეში გამოჩნდება სააფთიაქო ქსელებში. "ჰუმანითი ჯორჯიას" დაწყებული აქვს რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა.
ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში მონაწილეობას იღებს "ალფამედიკ კონსორციუმი" , რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა სექტორში სოლიდური ინვესტიციები განახორციელოს.
ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.
ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნესჯგუფი საქართველოში სხვა სისტემურ პროექტებშიც გეგმავს ინვესტირებას", - აცხადებენ პრესსამსახურში.