ჰავანას საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა შედგა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ისტორიულ შეხვედრას წინ უძღვოდა ორწლიანი მოლაპარაკებები.
შეხვედრა ორ საათზე მეტს გაგრძელდა, რომლის დასასრულს რომის პაპმა ფრანცისკემ და პატრიარქმა კირილემ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
სასულიერო ლიდერებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიცვას ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანები, შეინარჩუნოს ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობები ევროპაში და ასევე იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინაში მშვიდობა აღდგება.
როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, ეს იყო ორი ქრისტიანული კონფესიის სასულიერო ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა 1054 წლის შემდეგ.