ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის "გამოძიება" განაახლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
"გამომძიებლებმა დაიწყეს რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა და იმ მოქალაქეთა დაკითხვა, რომლებიც ქართული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მონაწილეობენ.
გარდა ამისა, ისინი დაკითხავენ იმ მცხოვრებლებს, რომლებიც 8-11 აგვისტოს რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ და ქართული არმიის სამხედრო დანაშაულებების მოწმეები გახდნენ", - იტყობინება სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტია".
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, "საქართველოს მხრიდან განხორციელებული სამხედრო დანაშაულებების ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის 12 აგვისტოში აღძრეს, ხოლო გასული წლის მაისში გამოძიება განახლდა.
"იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის გამოძიება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, ჩავრთეთ საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან შედგება", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ ე.წ.გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა 2 850 ადგილობრივმა მცხოვრებელმა, რომელიც "საქართველოს აგრესიის შედეგად დაზარალდა".
ამჟამად, მიმდინარეობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, ასევე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ამავე კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების დაკითხვა. "გამოძიების" ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტიზების ჩატარება.