ბათუმში დღეს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ჩავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი ერთხელ კიდევ ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას. კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.
"ბათუმს ეწვია ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი 4 ხომალდის შემადგენლობით, რომლებიც ერთობლივ და საჩვენებელ წვრთნებს გამართავენ სანაპირო დაცვის ხომალდებთან ერთად. ეს არის გათვალისწინებული ნატო-ს კალენდრით და მიმართულია სანაპირო დაცვის ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისკენ. ამასთანავე, შაბათს ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის კონტრადმირალი ბატონი ჯორჯო ლაციო, რომლის ვიზიტი ერთხელ კიდევ ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას", - განაცხადა მღებრიშვილი.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გუშინ საპორტო ვიზიტით ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდითაა დაკომპლექტებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სწავლებები ნატო-სა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
შსს-ს ცნობით, ამჟამად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია "აქტიური ძალისხმევის" მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ოპერაციაში "აქტიური ძალისხმევა" 2010 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის გზით მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.