საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და მისი როლი უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
მილო ჯუკანოვიჩის განაცხადებით, მონტენეგრო მოხარულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.