პარლამენტში დღეს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა .
უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე მუშაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. "ჩვენ გასული წლის განმავლობაში გვქონდა ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტებთან ერთად საკმაოდ საინტერესო საქმიანობა გასწია. ამ საქმიანობის შედეგად, ჩვენ გვაქვს ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაშია განსახორციელებელი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, სამოქმედო გეგმა საკმაოდ ამბიციურია, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა გახდეს არა მხოლოდ უფრო გამჭვირვალე, არამედ უფრო ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის, დაინტერესებული საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის, ამასთანავე, გახდეს უფრო ეფექტური, დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში წინმსწრებად და სრულად მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამუშაო გეგმის მიხედვით, ძალიან ბევრი კარგი ჩანაფიქრია, რომელსაც სერიოზული მიდგომა სჭირდება. "ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რომ ამ გეგმის ცალკეული ნაწილები არათუ დაძრული, არამედ უკვე გაკეთებულია და წინ მივიწევთ. საეტაპო მნიშვნელობის იყო ყველა ჩვენგანისთვის და არამხოლოდ ჩვენგანისთვის, გასული წლის სექტემბერში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიება. ეს იყო კონფერენცია, რომელზეც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა გადაწყვიტა ჩამობრძანება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, საქართველოს გამოცდილება გაგვეზიარებინა კოლეგებისთვის პრაქტიკულად ყველა კონტინენტიდან, მათი ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოგვესმინა სამდღიანი მუშაობის შედეგად", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიულოცა მექსიკაში ჩატარებულ ფორუმში გამარჯვება. "მინდა მოგილოცოთ ის აღიარება, რაც ჩვენს საქმიანობას წილად ხვდა მექსიკაში ჩატარებული ფორუმის დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი აღიარებული იქნა როგორც ლიდერი, ჩემპიონი პარლამენტი სწორედ აღნიშნულ სფეროში. ამ ყველაფერში ძალიან დიდია წვლილი პარლამენტის წევრების, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში, მაგრამ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კიდევ უფრო მეტია წვლილი ჩვენი პარტნიორების - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების. მათი ძალიან ფოკუსირებული, ძალიან კარგად გააზრებული ტაქტიკაც, თანამშრომლობაც, რეკომენდაციებიც, ინიციატივებიც იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ პარლამენტში ეს თემა პრიორიტეტად გვექცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, NDI-ის, UNDP-ის და სხვების, ვინც ამ პროცესში ჩართული იყვნენ და დღესაც მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ", - მიმართა პარლამენტის სხდომის მუშაობაში მონაწილეებს დავით უსუფაშვილმა.
პირველ სხდომაზე ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულება და საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცეს. დღესვე თემატური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.