აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებელი მორწმუნეების რუსეთის მართლმადიდებლ ეკლესიაში მიღების საკითხი ყველა დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის შედეგად იქნება მიღებული . ამის შესახებ "კომერსანტთან" ინტერვიუში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა განაცხადა.
კითხვაზე: "მრავალი წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლები რუსეთის საპატრიარქოს წიაღში მიღებას ითხოვენ, რატომ არ მიდის ამაზე მოსკოვის საპატრიარქო?", მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა: "იმიტომ, რომ არსებობს პრინციპი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური საზღვრების ცვლილებამ საეკლესიო საზღვრების დაუყოვნებელი ცვლილება არ უნდა მოიტანოს. თუკი ყოველ ჯერზე დავიწყებთ საეკლესიო საზღვრების შეცვლას, როდესაც გაჩნდება ახალი პოლიტიკური საზღვრები, მაშინ რამდენიმე წელიწადში ერთხელ გაჩნდება ახალი ეკლესიები. არსებობენ ასეთი ადგილობრივი ეკლესიები, რომლებსაც მრავალი საუკუნის მანძილზე საზღვრები არ შეცვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათი კანონიკური არსებობის ტერიტორიაზე არაერთხელ წარმოქმნილა და გაუქმებულა სახელმწიფოს საზღვრები", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მანვე მაგალითად მოიყვანა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოები, რომლებსაც, მისი თქმით, მე-4 საუკუნიდან შეეცვალათ საზღვრები, მაგრამ ეკლესიის კანონიკური ტერიტორიები საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა.
"რა თქმა უნდა, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ცხოვრებაში ყოფილა სიტუაციები, როდესაც საზღვრები იცვლებოდა, როდესაც ესა თუ ის ეპარქიები გადადიოდნენ ერთი იურისდიქციიდან მეორეში, მაგრამ ეს ყოველთვის ერთიანი გადაწყვეტილებით ხდებოდა და არ იყო დამოკიდებული პოლიტიკური საზღვრების ცვლილებაზე. თქვენ მიერ დასმული საკითხი მოითხოვს კონკრეტულ, თუნდაც დროებით გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებების მიღებას ვცდილობთ დაინტერესებულ მხარეებთან", - განაცხადა მიტროპოლიტმა.