სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ნამსახურები პირების (საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების) კომპენსაციის გაანგარიშების ფორმა შესაძლოა შეიცვალოს.
ამას "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა. პროექტი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
მოქმედი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ავიაციის ნამსახურები პირებისთვის კომპენსაციის ოდენობა გათანაბრებულია ძალოვანი სტრუქტურების მომსახურე პერსონალის შესაბამისი რანგისთვის გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობასთან. კანონპროექტის მიხედვით კი, კომპენსაციის გაანგარიშება მოხდება ნაფრენი საათების (240 საათი - 1 წელი) - მუშაობის სტაჟის გამრავლებით შესაბამის კოეფიციენტებზე.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეცვლილი სახით კომპენსაციას 400 მოსამსახურე მიიღებს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას გამოიწვევს თვეში 35 000 ლარის, ხოლო წელიწადში 420 000 ლარის ოდენობით.
დეპუტატების აზრით, აღნიშნული კანონის მიღებით სამართლიანობა აღდგება. კანონპროექტს ორივე კომიტეტის წევრებმა დაუჭირეს მხარი.