ვახტანგ ხმალაძე ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციაში დაფიქსირების საჭიროებას ვერ ხედავს

ვახტანგ ხმალაძე ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციაში დაფიქსირების საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციაში დაფიქსირების საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არსებული კონსტიტუციური ნორმა ქორწინებას და მეუღლეთა თანასწორობას ითვალისწინებს, ხოლო "სამოქალაქო კოდექსი" ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას. სწორედ ამიტომ ხმალაძე კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისაღებია უამრავი მნიშვნელოვანი კანონი – ისეთი კანონები, რომელთა მიღება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოს განვითარებისთვის სრულიად აუცილებელია, დროის და ენერგიის კარგვა, აჟიოტაჟის შექმნა იმ საკითხის გამო, რომელიც ისედაც გადაწყვეტილია, და სწორად არის გადაწყვეტილი, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", - აცხადებს ხმალაძე.

უმრავლესობა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრას ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, ამ ეტაპზე პროცედურული დეტალები თანხმდება. დეპუტატის აზრით, საქმე ეხება არა მხოლოდ საქართველოში არსებული ტრადიციების და განწყობების გათვალისწინებას, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს.