საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე სესიების მთავარი თემა მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებია და ამ კონტექსტში ორი მთავარი გამოწვევა სახელდება.
"მიუნხენის კონფერენციაზე დილიდან დაიწყო სესიები და დიდი დრო ეთმობა მსოფლიოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი. როდესაც კონტექსტი ასეთია, ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.