პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით, მოსამართლეთა დანიშვნა ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ 20 თებერვლიდან ძალაში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი შედის, როდესაც მოწმეთა დაკითხვა მოსამართლესთან უნდა მოხდეს.
უსუფაშვილის თქმით, გამომძიებლებს, პროკურორებს ფიზიკურად მოსამართლეები უნდა დახვდნენ, რათა მათ დაკითხვის პროცედურა ჩაატარონ.
"სასამართლო სისტემის რეფორმა მიმდინარე პროცესია. მომავალ კვირას ჩვენ რეფორმის მესამე ტალღად წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. არ მგონია, რომ ეს მესამე ტალღა საბოლოო ტალღა იქნება. სისტემას კიდევ სჭირდება სრულყოფა, ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებას - მათ შორის პარლამენტზეც ბევრს ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ჩვენ გვჭირდება სრულყოფა. ამიტომ, თუ იქნება კონკრეტული წინადადებები იმის თაობაზე, როგორ გავაუმჯობესოთ სასამართლო სისტემის ეფექტურობა, როგორ გავზარდოთ ნდობა, როგორ გავხადოთ ინდივიდუალური მოსამართლე დამოუკიდებელი ყველასგან - ჩემგანაც, თქვენგანაც და მათივე საკუთარი საბჭოსგან, სასამართლოს თავმჯდომარეებისგან და ასე შემდეგ, ეს არის ამოცანა. ამ ამოცანის შესაბამისი ინიციატივები პარლამენტამდე თუ მოვა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ. მანამდე ჩვენც და სასამართლოებიც, მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქმედებენ. არსებობს იუსტიციის საბჭო, რომელიც დაკავებულია თავისი საქმის კეთებით. რაც შეეხება ახლა მოსამართლეები უნდა დაინიშნონ თუ არ დაინიშნონ და სწრაფად თუ არა სწრაფად, აქ მე მოვისმინე სხვადასხვა მოსაზრებები, საკონსტიტუციო სარჩელი და ასე შემდეგ. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ამბავზე: - ახლა მოსამართლეების დანიშვნა რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ 20 თებერვლიდან ძალაში შედის მოწმის დაკითხვის ახალი სისტემა, როდესაც გამომძიებელმა, პროკურორმა მოწმე უნდა მიიყვანოს ფიზიკურად მოსამართლესთან და რომ მიიყვანოს, იქ უნდა დახვდეს მოსამართლე, რომელმაც დაკითხვის პროცედურა უნდა ჩაატაროს. მოგეხსენებათ, სასამართლოები მიმდინარე საქმეებით უკიდურესად გადატვირთულია. ზოგ მოსამართლეს ასობით საქმე აწევს მხრებზე. რომ არ გამოვიდეს ისე, რომ ჩვენ პროკურატურა და პოლიცია, სათანადო სისტემის გარეშე გავტოვოთ, აუცილებელი გახდა სასწრაფო წესით მოსამართლეთა დანიშვნა. ვაკანსიები, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობდა, მათი შევსება ამისთვის უკიდურესად აუცილებელია", - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე ინფორმაციით, მოსამართლეების უდიდესი ნაწილი, ვის დანიშვნასა და არჩევაზეც არის საუბარი, სწორედ აღნიშნული სისტემისთვის არის საჭირო.
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის საბჭომ, ძალიან დიდი მუშაობა გასწია ამ თვენახევრის განმავლობაში, კანონი, მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო. ის ძალაში იანვრის დასაწყისში შევიდა, ხოლო სისტემა 20 თებერვლიდან ამოქმედდება. აი ამ თვენახევრის განმავლობაში, საჭირო იყო შენობის მოძებნა, სადაც დაკითხვები ჩატარდება. ეს შენობა მოძებნილია, მიმდინარეობს აღჭურვა და დასრულდება. კიდევ ვიმეორებ, საჭიროა კონკრეტული ადამიანები, მოსამართლეები, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდებათ და ეს მოსამართლეები ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამიტომ ახლა პროცესის შეჩერება მანამდე, სანამ რამე სხვას არ მოვიფიქრებთ, როგორ იმართებოდეს სისტემა, სწორი არ იქნება", - აცხადებს უსუფაშვილი.