რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" ცუდია, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის კარგია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა გარემოს დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გამართულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგეს ტერიტორიიდან 3 დეკორატიული ხის გადარგვის შესახებ იმსჯელეს.
"არ შეიძლება საკითხის მიჩქმალვა, არამედ პირიქით, ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოწყებული ყველა აჟიოტაჟი და პროვოკაცია უნდა გახდეს განხილვის საგანი და ჩვენ ყველა შემთხვევაში ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე. უკვე კარგა ხანია "ნაციონალური მოძრაობა" თეთრზე ამბობს, რომ შავია და საზოგადოებისათვის აშკარა გახდა ის, რომ რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" ცუდია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის კარგია", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები, პარლამენტის წევრები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ კვესიტაძე, აკადემიის წევრები - გიზო ურუშაძე, სანდრო დიდებულიძე, გია ნახუცრიშვილი და გარემოს დაცვის ექსპერტი მერაბ შარაბიძე ესწრებოდნენ.
"ციხისძირიდან ე.წ. გიგანტური ხეების გადატანით ძალიან კარგი და ღირსეული საქმე კეთდება, არ აქვს ადგილი სამართლებრივ დარღვევას და არც ადგილობრივ ეკოსისტემას ექმნება საფრთხე, ვინაიდან აღნიშნული ხეები არ არიან უნიკალური ძვირფასი ჯიშები ან იშვიათი სახეობები და არ ქმნიან იქ რაიმე განსაკუთრებულ ლანდშაფტს, არამედ არის დეკორატიული დანიშნულების და მათი სიუხვით გამოირჩევა მთელი აჭარის ტერიტორია და რაც მთავარია, არ არიან წითელი ნუსხის სახეობები. ამდენად, ეს არის აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა მურღულიამ.