ციხისძირში, ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე

ციხისძირში, ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს

ციხისძირში, ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულები არიან ქობულეთის საკრებულოს წევრები: ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, პარტიის წევრები ითხოვდნენ ნებართვას, რის მიხედვითაც ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, "როგორც გუშინ, ისე დღესაც აქციის მონაწილეების დაკავება უკანონოდ მოხდა".

კირთაძის მტკიცებით, შეკამათება და შეხლა-შემოხლა პოლიციასთან არ ყოფილა.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის ორი მონაწილის აყვანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხობს.

აღსანიშნავია, რომ აქციის პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები და "პარტიზანი მებაღეები" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს ხვდებიან, სადაც ისინი ციხისძირში მიმდინარე სამუშაოების კანონიერების დასტურად შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას მოითხოვენ.