მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგებს იუსტიციის საბჭო პროკურატურას გადაუგზავნის

მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგებს იუსტიციის საბჭო პროკურატურას გადაუგზავნის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის შეფასებით, განცხადებები იმის შესახებ, რომ საბჭომ ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით დამალა დანაშაული, აბსურდია, - ამის შესახებ მურუსიძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ განუცხადა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით დანაშაული დამალა.

"არავინ არაფერს არ მალავს. ჩვენ ამ მასალებს გადავუგზავნით პროკურატურას და თავად პროკურატურა რას გამოკვეთს ამას დაველოდოთ. დანაშაულის შეუტყობინებლობა აბსურდია, რადგან დანაშაული არის თუ არ არის, ჯერ ესეც გამოსაკვეთია. მოვუწოდებ ყველას, დისტანციურად ლაპარაკს გავანებოთ თავი. თუ პრეტენზიები და პრობლემებია, დავჯდეთ, ვისაუბროთ და დავილაპარაკოთ. დისტანციურად რაღაც გადმოგვიგდონ და მერე ჩვენ ვუპასუხოთ, ეს რეჟიმი ვერ გაგრძელდება", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მომავალ კვირას იმსჯელებს.