იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებების საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, საერთო სასამართლო სისტემაში ისედაც მოსამართლეთა რაოდენობის ძალიან დიდი სიმცირეა და შეჩერება მიუღებელია. გვენეტაძემ აღნიშნა, რომ გამოსავალი არის არა შეჩერება, არამედ რეფორმა და ამ რეფორმაში მონაწილეობისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც საბჭოს დღეს გააჩნია, რეფორმის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის მზად ვართ. გვაქვს ჩვენი წინადადებები, ამიტომ დანიშვნის რეფორმის პროცესი თუ დაიწყება, საბჭო აქტიურად მიიღებს მასში მონაწილეობას, შეჩერება არ არის რეფორმა, რეფორმა არის გამჭვირვალობის წესის და სხვა კრიტერიუმების ნათლად გაწერა. იუსტიციის უმაღლეს საბჭიოს დანიშვნის შეჩერების უფლება არ აქვს, ამასთან, როდესაც არის ვაკანსიები და მოსამართლეთა რაოდენობის ძალიან დიდი სიმცირეა, შეჩერება არის მიუღებელი," - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის ჩატარდეს რეფორმა, იმისთვის, რომ წესი იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე. ნინო გვენეტაძე აღნიშნავს, თუ მოსამართლეები არ დაინიშნებოდნენ, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ვერ ამოქმედდებოდა.
მისივე თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაფიქსირებულია პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში და საბჭო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს.
პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზებიანი პროცესი უნდა შეჩერდეს. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმების გატარება.
"პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო სიტყვაში დღის წესრიგში დააყენა სასამართლოში არსებული პრობლემები. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ ანგარიშებში საქართველოს პრობლემების ჩამოთვლას საბჭოს საქმიანობის აღწერით იწყებენ. არავის გვაქვს უფლება, მშვიდი სახეებით ველოდოთ, როდის დაინგრევა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს შექმნის იმედი. საქართველოს არ სჭირდება ისეთი მოსამართლეები, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარ სახელსა და გვარზე, სჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იამაყებენ თავიანთი ვინაობით", - განაცხადა კოჟორიძემ.