პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტს ამ წუთის მდგომარეობით პოზიცია არ აქვს

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტს ამ წუთის მდგომარეობით პოზიცია არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოში დასახელებულ კობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ამ წუთის მდგომარეობით პარლამენტს პოზიცია არ აქვს და ვერც ექნება, რადგან კანდიდატი ახლა დასახელდა.

მისივე თქმით, კრიტერიუმი, რის მიხედვითაც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, დასახელებული კანდიდატურის გამოცდილება, დამოუკიდებლობა, კვალიფიციურობა და პრინციპულობა იქნება.

"ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანსია ჩნდება სულ მალე. პროცესი "ეროვნულის ბანკის შესახებ" კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ კანონებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ეს პროცესი დაასრულეს და პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წამოუდგინეს, რაც ჯერ საჯაროდ გაცხადდა და ალბათ, ქაღალდიც შემოვა. პარლამენტი მის კანდიდატურას განიხილავს კომიტეტებში, ფრაქციებში და იმსჯელებს გადაწყვეტილების მიღებაზე. ამ წუთის მდგომარეობით, პოზიციები პარლამენტის მხრიდან არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან კანდიდატი ახლა დასახელდა. მას ზოგი იცნობს, ზოგი არ იცნობს, ბევრი გაიცნობს, იქნება მოსმენები, შეხვედრები. ჩამოვყალიბდებით იმ პრიორიტეტიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა მოვიაზროთ როგორც სტაბილური – სკანდალებისა და აურზაურის გარეშე მოქმედი უწყება. მას საბჭოს სახით უნდა ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი, დამოუკიდებელი, კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები. ამ კრიტერიუმების მიხედვით შევაფასებთ ჩვენ ყველაფერს", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ეწურება.