არც ერთ დოკუმენტში, რომელიც ე.წ.კაბელების საქმეში დევს, არ წერია, რომ თავდაცვის სამინისტროს სურდა "სილქნეტისგან" უძრავი ქონების – მაგისტრალის შეძენა, - ამის შესახებ პროკურორის საპასუხოდ "კაბელების საქმეზე" ბრალდებულების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაადასტურა თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა, რომელიც "სილქნეტთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს და მისი ყველა დეტალი იცის.
"ბატიაშვილის ჩვენებით ამ საქმეს საბოლოოდ დაესვა წერტილი. ეს არის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი. მანამდე კი მუშაობდა შს მინისტრის მოადგილედ და აქვს ინფორმაცია იმ მომსახურების ფასზე, რომელსაც "დელტაკომი" უწევდა შსს-ს. ეს ფასი ოთხჯერ მეტია იმაზე, ვიდრე იგივე მომსახურებაში თავდაცვის სამინისტროსგან იღებდა კომპანია "სილქნეტი". ბატიაშვილის ჩვენებამ პროკურატურის ყველა პოზიცია გააბათილა და დადასტურდა, რომ ბრალდებულების მხრიდან ანგარებითი მიზანი არ არსებობდა და რეალურად "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით დაიზოგა სახელმწიფო სახსრები", – განაცხადა ბარათაშვილმა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს პროკურატურა ხელს იმიტომ უშლიდა შსს-დან ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებაზე ინფორმაციის გამოთხოვაში, რომ არ დადასტურებულიყო ბრალდებულების სიმართლე.
საქალაქო სასამართლოში ალექსი ბატიაშვილის დაკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფოს მიმართ თანხა იყო მოთხოვნილი ოპტიკის შესაძენად. კერძოდ, უძრავი ქონების, ანუ მაგისტრალის შესაძენად. საბოლოოდ კი სამინისტრომ შეიძინა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალში წვერები, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ე.წ. კაბელების საქმეში, როდესაც "დელტაკომის" მომსახურებაზე შედარებებს აკეთებს, სხვადასხვა სახის მომსახურებებზე საუბრობს.
პროკურორის თქმით, მოწმემ თქვა, რომ იცის ფასი, თუ რა თანხას უწევს მომსახურებას კომპანია "დელტაკომი" შს სამინისტროს, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, რა მომსახურებაზეა საუბარი.
"როდესაც ერთი ხელშეკრულების პირობებს ვადარებთ მეორეს ფასს, არ არის სწორი ფასთა მხედველობაში მიღება. სხვადასხვა მომსახურებას უწევენ "დელტაკომი" შს სამინისტროს და "სილქნეტი" თავდაცდაცვის სამინისტროს. დღეს დაიკითხება "დელტაკომის" წარმომადგენელი, რომელიც ისაუბრებს იმ მომსახურებაზე, რასაც შსს-ს უწევს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბატიაშვილის ჩვენება, რომ თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტთან" ხელშეკრულების გაფორმების თანხები დაზოგა, პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს არის მოწმის სურვილი და მისი განცხადება დოკუმენტებით არ დასტურდება.