ალექსი ბატიაშვილის დღევანდელი ჩვენება იყო ბოლო ლურსმანი პროკურატურის საქმეში

ალექსი ბატიაშვილის დღევანდელი ჩვენება იყო ბოლო ლურსმანი პროკურატურის საქმეში

ალექსი ბატიაშვილის დღევანდელი ჩვენება იყო ბოლო ლურსმანი პროკურატურის საქმეში და ეს ბრალდება დასამარდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ყოფილი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ჩვენების მიცემისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ბატიაშვილმა დღეს სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ "დელტაკომი" იგივე მომსახურებას, რომელსაც "სილქნეტი" უწევს თავდაცვის სამინისტროს ახორციელებს შს საქმეთა სამინისტროსთვის და თვეში ამისთვის იღებდა 350 000 ლარს. თავდაცვის სამინისტროს კი, "სილქნეტი" სთხოვდა 1000 ლარს სიმბოლურად. შს სამინისტროსა და "დელტაკომის" ურთიერთობის დეტალებზე სასაუბროდ სასამართლო სხდომა დაიხურა და ბატიაშვილს დახურულ რეჟიმში დაუსვამენ შეკითხვებს პროკურორები.

ირაკლი ალასანიამ პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს აღნიშნა, რომ ალექსი ბატიაშვილმა ნათლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უხდის "დელტაკომს" ასეულ ათასობით ლარს შს სამინისტრო მომსახურებისთვის.

"პროკურატურა დღევანდელ პროცესზე "დელტაკომის" ადვოკატივით იქცეოდა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო შეაფასებს და დადასტურდება, რომ 5 ადამიანი, რომელსაც ამ საქმეში ბრალი აქვს წარდგენილი აბსოლუტურად უდანაშაულოა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

იგი გამოეხმაურა ე.წ. კაბელების საქმიდან გამოყოფილ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასაც, რომელიც პროკურატურაში კვლავ გრძელდება. ალასანიას თქმით, ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმეა, რომელიც ადეიშვილის საუკეთესო ტრადიციებში გამოკიდეს ჰაერში.

"არ მგონია ცალკე გამოყოფილ საქმეს პერსპექტივა ჰქონდეს. პროკურატურის ქმედებები აბსოლუტურად იდენტურია რაც იყო ადეიშვილისა და სააკაშვილის დროს. მიმდინარე გამოძიება უპერსპექტივოა, თუმცა არ არის გამორიცხული პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენონ ისევე, როგორც 5 უდანაშაულო ადამიანი უკანონოდ ამყოფეს 1 წლის განმავლობაში პატიმრობაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.