ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს გეგმები რუსეთის მიერ კონფრონტაციის ნიშნად არ უნდა იქნეს მიჩნეული, - ეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "როიტერსთან" ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მუშაობას და რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ გადადონ.
"ვიმედოვნებ, რომ ათ წელიწადში შესაძლებელი გახდება ვნახო საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტებთან შესადარი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
"როიტერსთან" ინტერვიუში მან ასევე ირანთან კავშირებზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, დასავლეთის სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს რეგიონში ახალი დინამიკის შემოტანა შეუძლია. ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"ირანი მზადაა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის, მათ შორის ენერგოსექტორში, რაც ევროპისთვის ძალიან საინტერესო შესაძლოა იყოს საკუთარი ენერგორესურსების დივერსიფიკაციისთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აპირებს საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართოს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველომ შესაძლოა 2016 წელს ევროპული ფასიანი ქაღალდები (ე.წ ევრობონდები) გამოუშვას.
"მე არ შემიძლია წინასწარ განსაზღვრა დაგვჭირდება თუ არა ევრობონდების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას ევრობონდების საშუალებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, შესაძლოა წლის ბოლოსთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დაგეგმილია საგადასახადო რეფორმები, რომელიც მოგების გადასახადის გაუქმებას, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას და ეკონომიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
"წელს ჩვენ დავგეგმეთ სამპროცენტიანი ზრდა და ვფიქრობ ეს მიღწევადია", - განაცხადა კვირიკაშვილმა "როიტერსთან" ინტერვიუში.