ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს საკმარისი ელექტროენერგია

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს საკმარისი ელექტროენერგია

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე საქართველოს ჰქონდეს შიდა მოხმარებისთვის საკმარისი ელექტროენერგია. ასევე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც ის ბიოგრაფიული ენციკლოპედიის "საქართველოს ენერგეტიკოსების" მეორე გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკა არის ქვეყნის მამოძრავებელი ძალა, მისი განვითარების ხერხემალი და წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ ის ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება წარმოუდგენელია, თუ ის ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული და თუ ჩვენ ენერგეტიკის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვიქნებით. ამ მიმართულებით ენერგეტიკის სექტორში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და სამომავლოდ, ასევე, მრავალი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

"ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ და საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, როგორც დღეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ზამთრის პერიოდში, როცა ყველაზე მეტია ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვენ მისი მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანა გვიწევს. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ წინსვლას და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი აისახება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე, რადგან მეტი ტარიფის გადახდა გვიწევს", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს შიდა მოხმარებისთვის საკმარისი ელექტროენერგია.

"ასევე გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ექსპორტიორი ქვეყანა. საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა მოვახერხოთ თურქეთში, თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

კალაძის თქმით, ბიოგრაფიულ ენციკლოპედიაში მოხსენიებული თითოეული ენერგეტიკოსი არის საქართველოს მშენებელი.

"დარგის პატრიოტი ენერგეტიკოსები შეძლებენ დაიცვან სექტორი ყველანაირი მავნე და შემაფერხებელი ზემოქმედებისგან და მკაცრად დაიცვან განვითარების პროგრესის ხელშეუხებლობა", - განაცხადა კალაძემ.

მან პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკოსთა შორის ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელთაგანაც რჩევებს იღებს.

"ვიდრე მე ვარ ამ დარგის ხელმძღვანელი, მაქსიმალურად შევეცდები, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ცოდნა გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მეამაყება ის, რომ თქვენი სახით ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ვიღებ რჩევებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას, რომლითაც მომავალი თაობა იამაყებს", - განაცხადა კახა კალაძემ.