2012 წლიდან დეპუტატების, მინისტრების და მათი მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს

2012 წლიდან დეპუტატების, მინისტრების და მათი მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან დეპუტატების, მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნეპოტიზმის კონკრეტული ფაქტებზე ისაუბრა.

ნადირაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი მინისტრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტარების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული.

"მინდა ახალი კუთხე წარმოგიდგინოთ იმ ძალიან მანკიერი გამოცდილების, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა. ჩვენ მინისტრების, მათი მოადგილეების და დეპუტატების დეკლარაციები შევისწავლეთ და გვინდა წარმოგიდგინოთ სურათი, რომელიც გამოვიკვლიეთ - მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს. იკვეთება ორი ტენდენცია: როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ საჯარო სტრუქტურებში იწყებენ მუშაობას და როდესაც ყველა კერძო სტრუქტურას ერთდროულად მოუნდა ამ ადამიანების დასაქმება. ჩვენ ძირითადად ის მაგალითები გვაქვს, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული. როდესაც, მინისტრი, მისი მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს, რომ მისი შვილი ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი, შესაბამისად, მათი შემოსავალი იყო _ 0, 2012 წლის შემდეგ კი იწყებენ სამსახურს. ეს სურათი სრული არაა, ვინაიდან როდესაც დეკლარანტის ოჯახის წევრი არ ცხოვრობს მასთან, კანონი არ ავალდებულებს, მისი შემოსავლები შეისწავლოს. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ამ ცხრილში ვერ მოხვდებოდა. თუმცა ის სურათი, რომელიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატმა კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, მანანა კობახიძის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემდეგ, მისი და მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო მეუღლე სასწრაფოდ მიიღეს კერძო სექტორში - შპს "ბროილერში"; დეპუტატ ჟორჟოლიანის ძმა ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა; თამაზ ჯაფარიძის მეუღლე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში დასაქმდა. როსტომ ხალვაშმა ორი შვილი დაასაქმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში; თამარ კორძაიას მეუღლე ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, ახლა კი ის დაწინაურდა და ჯერ - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს "სინათლის ქალაქის" მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა; ნოდარ ხადურის მეუღლე აიყვანეს "ლიბერთი ბანკში", მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - ხადურის ცოლის და, მისი პირადი თანაშემწეა; ნოდარ ებანოიძის შვილები შემოსავლების სამსახურსა და თბილისის მერიაში დასაქმდნენ; თამაზ მეჭიაურის შვილი თბილისის პრობაციის ბიუროში დასაქმდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს საგანგაშო, ძალიან მანკიერი ტრადიციაა. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტიული განათლებული ადამიანისთვის დახურულია კერძო და საჯარო სექტორის კარი", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.