ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო, არამედ, საერთოდ უცხო გავლენების წინააღმდეგ. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად ეფექტური იქნება რუსულენოვანი არხის შექმნა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"რუსულ არხს რაც შეეხება, მე თავიდანვე ვფიქრობდი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა გაეჩერებინა ტელეკომპანია "პიკ"-ის მუშაობა, უბრალოდ შინაარსი უნდა შეეცვალა. ამის თაობაზე მე პირადად მქონდა საუბარი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ეს ორგანიზმი, რომელიც შექმნილი იყო, მართალია სხვა მიზნებისთვის, მაგრამ შექმნილი იყო, დაიშალა. დღეს ვფიქრობ, რომ ეს გასაკეთებლია და ეს უნდა იყოს კულტურული არხი, ნაკლებად პოლიტიკური, მაგრამ ინფორმაციულიც. სამწუხაროდ, ჩვენ უამრავი წელი დავკარგეთ და ვერ მოვახერხეთ, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ქართული ენის ისეთი პროგრამის შექმნა, რაც მოგვიტანდა შედეგებს. მუშაობა ამ მიმართულებით იყო ძალიან ეკლექტური და არათანმიმდევრული და დღეს საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის", - განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ არაფერი არ იქნება ეფექტური, თუ არ იარსებებს შესაბამისი გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
"ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, არის თუ არა ასეთი გეგმა. მე არ გამიგია, რომ ასეთი გეგმა კეთდებოდეს.
ამ შემთხვევაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის საჭირო, საერთოდ უცხო გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო და ამას უნდა ემსახურებოდეს ყველა მედიასაშუალება საქართველოში, განსაკუთრებით ელექტრონული. სამწუხაროდ, არც ერთი არ აკეთებს ამას. საზოგადოებრივი არხი ამ თვალსაზრისით ფლაგმანი უნდა იყოს, სამწუხაროდ, აქაც ვერ არის საქმე კარგად. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები გამოკეთდა", - განაცხადა არეშიძემ და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში თანმიმდევრული, გეგმური ბრძოლის პოლიტიკა უცხო გავლენების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.
"რუსული არხი საშუალებას მოგვცემდა ჩვენი სათქმელი გაგვეტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ვიმეორებ, ეს არ უნდა ყოფილიყო აგრესიული, ეს არ უნდა ყოფილიყო ანტაგონიზმზე აგებული, ეს უნდა ყოფილიყო თანამშრომლობაზე აგებული.
მე ვიცი პატარა ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო ენებზე ძლიერ მედიასაშულებებს ქმნიან იმიტომ, რომ თავისი სიმართლე გაიტანონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის ნათელი მაგალითი არიან ქურთები, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოც კი არ აქვთ, მაგრამ აქვთ უძლიერესი სააგენტოები ევროპაში განლაგებული და რადიოსადგური, სხვათა შორის ინგლისურენოვანი, რომლის მეშვეობითაც თავის სიმართლის გავრცელებას ცდილობენ", -განაცხადა არეშიძემ.
საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მთავრობის ფორმატში არაერთხელ გვილაპარაკია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.
"იგივე ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. რუსული პროპაგანდა ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი", - განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოშიც არის თუ არა საჭირო, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე მთავრობის შიგნით არაერთხელ უმსჯელიათ.