ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ეს არის ოცნება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დავასრულოთ, - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა საქართველოს ვიცე პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტ, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ აქ ჩამოვედით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით, რომ განვიხილოთ რა სტადიაზეა მშენებლობა. როგორ შეიძლება, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად დასრულდეს ის. ასევე დასრულდეს არსებითი სამუშაოები. ვინაიდან საქართველოში ვარ, შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე შევხვდი ჩემს კოლეგას. პრემიერთან ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეხვედრა მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი ორმხრივი ურთიერთობებისა. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს და თურქეთს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, თუმცა შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ. აპრილის დასაწყისში დაგეგმილია სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა, სადაც პრემიერი მიიღებს მონაწილეობას და ხელი მოეწერება ბევრ საინტერესო ხელშეკრულებას. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, უნდა აღვნიშნო, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ეს არის ოცნება და მნიშვნელოვანი ყველასთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დავასრულოთ და იმედი მაქვს წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის მატარებელი, რომელიც გააცოცხლებს ისტორიულ აბრეშუმის გზას", - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
მისივე თქმით, პროექტი რამდენიმე მილიარდის ღირებულებისაა. ვინაიდან ის ძალიან რთულ გზას გადის და 800 კილომეტრზეა გადაჭიმული.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს.