საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ

საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ და ჯერ არ იციან, დაუჭერენ თუ არა მას მხარს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, ფრაქცია "ქართულ ოცნება" უახლოეს დღეებში გამართავს სხდომას, სადაც გვენეტაძის კანდიდატურის შესახებ იმჯელებენ. მეჭიაურის თქმით, კობა გვენეტაძის საქმიანობას არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეტაპზე არც იმის თქმა შეუძლია, თუ რა პოზიცია ექნება საპარლამენტო უმრავლესობას.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს არ იცნობს არც გია ვოლსკი. როგორც მან  ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე უმრავლესობა გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პირადად შეხვდება და მის ხედვებს გაეცნობა.

"კობა გვენეტაძეს კარგი მონაცემები აქვს. პირადად მე მას არ ვიცნობ, საფინანსო წრეების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნაკლებად მქონია. ვფიქრობ, ჩემს კოლეგებთან ერთად საშუალება მექნება შევხვდეთ და ღრმად გავაანალიზოთ არამარტო მისი მონაცემები, რომელიც ფურცელზე დევს, არამედ მისი ხედვები. გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ", - განუცხადა ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს".

იგივეს აცხადებს დეპუტატი თემურ მაისურაძეც.

"მე პირადად კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ, ჩვენი გუნდის განწყობა და არგუმენტები კი ჯერ მომისმენია, ვინაიდან ამაზე არ გვქონია მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში", - განაცხადა მაისურაძემ.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის შესაბამისადაც საბჭოში ვაკანტური ადგილი ჩნდება. აღნიშნულ ადგილზე გუშინ პრეზიდენტმა პარლამენტს კონსულტაციების გზით შერჩეული კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.