ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრიდან პასუხს დღეს ელოდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა, გუშინ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართეს, რომელშიც წარმოდგენილია არგუმენტაცია, თუ რატომ არ უნდა შეჩერდეს გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების პროცესი.
აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი, როგორც ირაკლი კორძახიამ აღნიშნა, სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
საჯარო რეესტრმა "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა. გაჩეჩილაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ გასულ კვირას დაამტკიცა.