2015 წელს საქართველოში მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2015 წელს საქართველოში მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა.

სასტუმრო ,,რედისონში" გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ანგარიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.

42-გვერდიანი ანგარიში 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, შესრულებულ პროექტებს, ტურიზმის სტრატეგიას, მარკეტინგულ კამპანიებს, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებს, გაცნობით ტურებს, პუბლიკაციებს და დაგეგმილ პროექტებს მოიცავს.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

მისი თქმით, ქვეყანას 5 897 685 ვიზიტორი სტუმრობდა.

ასევე 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს და 150-მდე ტურ ოპერატორს უმასპინძლა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაბა გუდაურსა და ბაკურიანში ველოპარკებიც შეიქმნა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ინდუსტრიის 1 100-მა წარმომადგენელმა საქართველოს 15 ქალაქში გადამზადების კურსები გაიარა.

რაც შეეხება 2016 წელს, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება.

მისივე თქმით, წელს ტურიზმის ადმინისტრაცია 20-მდე მიზნობრივ ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიასაც ჩაატარებს. გარდა ამისა, ადმინისტრაცია მონაწილეობას გეგმავს 21 საერთაშორისო გამოფენაში.

ჩოგოვაძის თქმით, შიდა ტურიზმის წასახალისებლად სხვადასხვა აქტივობა ჩატარდება, გაგრძელდება პროექტი ,,გაიცანი საქართველო", იგეგმება ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრების გახსნა, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სახელმძღვანელოების გამოცემა და ა.შ.

,,2015 წელი გამორჩეულად წარმატებული იყო ტურიზმის განვუთარების კუთხით და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, რომელიც საქართველოში განხორციელდა. 2015 წელს დაფიქსირდა 7%-იანი ზრდა. ეს აისახება შემოსავლებსა და დასაქმებაზე. მხოლოდ 2015 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსავალი ეკონომიკაში 113 მილიონი დოლარით გაიზარდა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას როგორც საზღვარგარეთ საერთაშორისო მიმართულებით ახალი ბაზრების აღმოჩენის კუთხით, ასევე არსებულ ბაზრებზე მაქსიმალურად მეტი ადამიანის დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის მიმართულებით", - განაცხადა ჩოგოვაძემ.