აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა 1-ელი აპრილიდან იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ე.წ.რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარეს, სავიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ რუსულ მედიას განუცხადა. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის დაწესება იმიგრაციის კონტროლის გაძლიერების შესაძლებლობასაც იძლევა.
"რუსეთის მოქალაქეები აქ ძირითადად დასვენების მიზნით ჩამოდიან, სხვა ქვეყნის მოქალაქეები კი აქ შეიძლება ჩამოვიდნენ, წლების განმავლობაში იმუშაონ და გადასახადები არ გადაიხადონ", - განაცხადა ბგანბამ.
ამ დრომდე არსებული კანონით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის უფლება რუსეთის და დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებს აქვს. ახალი კანონი კი ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლას, დროებით დარჩენას, ცხოვრებას და დასაქმებას დაარეგულირებს.
"ამ კანონის ერთ-ერთი პუნქტი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება", - განაცხადა ე.წ რესპუბლიკის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა და ნიკარაგუამ 2008 წელს აღიარა. 2009 წლის შემდეგ კი აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. თუმცა, ვანუატუმ რამდენიმე წლის წინ აღიარება უკან წაიღო.