საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან-მარკ ერომ დაიკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჟან-მარკ ერო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გუშინ წარადგინა. მანამდე, აღნიშნულ თანამდებობას ლორან ფაბიუსი იკავებდა, რომელმაც ორი დღის წინ გადადგომის შესახებ განაცხადა.
ფაბიუსმა წასვლის წინ განაცხადა, რომ ის ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მისი მინისტრობის პერიოდში მსოფლიო ლიდერები საფრანგეთის პოზიციას სირიის საკითხზე არ იზიარებდა. კერძოდ, ოფიციალური პარიზი 2013 წელს სირიის კონფლიქტში აშშ-ის არმიასთან ერთად სამხედრო ინტერვენციას ითხოვდა.
რაც შეეხება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, მისი პოზიცია სირიის საკითხთან დაკავშირებით ჯერ უცნობია. ჟან-მარკ ერო 2012-2014 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი სოციალისტების საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.