"ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში ქიმიურ იარაღს იყენებს. ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა განაცხადა.
მისი თქმით, ექსტრემისტულ დაჯგუფებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქიმიური იარაღი აწარმოოს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ბრძოლის ველზე ქიუმიური იარაღი გამოიყენა", - განაცხადა ბრენანმა.
როგორც აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ისლამისტებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებში ქიმიური იარაღის ექსპორტიც სცადონ. "ამიტომაც მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო ხაზების და კონტრაბანდის გზების პრევენცია, რომელსაც ისინი იყენებენ", - აღნიშნა ჯონ ბრენანმა.