სამ ზღვაზე - ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, საუბარი არ არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მხოლოდ შავი ზღვის მიმართულებით, არამედ, საუბარია ნატოს გაძლიერებაზე შავ ზღვაში.
"ხაზგასმით ვამბობ - ეს ორი სხვადახვა საკითხია. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე - ეს არის პაკეტის ნაწილი, ხოლო, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, არის ნატოს გაძლიერება შავ ზღვაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნატოს სჭირდება პარტნიორები და ეს პარტნიორი ექსკლუზიურად მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება. ამიტომ, ამ სქემის მონაწილეა რუმინეთიც, ბულგარეთიც, საქართველოც, თურქეთიც და ყველა ქვეყანა ან სახელმწიფო, რომელიც შეიძლება შავი ზღვის სახელმწიფო არ იყოს, მაგრამ შავ ზღვაში ინტერესები ჰქონდეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისი განცხადებით, საქართველო შავი ზღვის აუზის და ნატოს პარტნიორი ქვეყანაა და ბუნებრივია ამ პროცესის თანამონაწილე იქნება, თუმცა, საქართველოს ამოცანაა, ამ სტრატეგიის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილი გახდეს.
თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში შავი ზღვის კომპონენტზეც ისაუბრა. "ჩვენ ზღვის კომპონენტი გვაქვს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში. აქ შავი ზღვის უსაფრთხოება არაფერ შუაშია. ეს არსებითი პაკეტის ნაწილია, შესაბამისად, ჯერ კიდევ უელსის სამიტზე იყო პაკეტის ნაწილი. უელსის სამიტზე გაცხადებული დაპირებების და სამოქმედო გეგმის ნაწილია საზღვაო საკითხები, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეხება. დღეს ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. ეს არსებით პაკეტში ისედაც არის და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს ჩვენ მივიღეთ დაპირებები რამდენიმე ქვეყნისგან, რომ ისინი აიღებენ ინიციატივას პაკეტის ამ მიმართულებით გაძლიერებაზე", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.