საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კონფერენციის თემატურ პანელზე - "'სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ".
გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან, სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან, ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან. საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო დუკანოვიჩს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინთან. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება კონფერენციის ოფიციალური გახსნისა და საზეიმო მიღების ცერემონიას და ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 14 თებერვალს დატოვებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.