გიორგი აბაშიშვილი - კობა გვენეტაძე იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატ კობა გვენეტაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
"კობა გვენეტაძე არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. წლების განმავლობაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მას საფინანსო სექტორში და ეკონომიკის მიმართულებით აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რა მოთხოვნებიც სწორედ ექსპერტთა ჩართულობით გამჭვირვალე პროცესის შედეგად დადგინდა. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. ჩემი აზრით, ბატონი კობა იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ახალი წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დროულად შეუდგეს და ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატი დღეს დაასახელა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.