საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ერთგულად მიჰყვება რეფორმების განხორციელების ამბიციურ გზას, რასაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს.
"მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უმნიშვნელოვანეს სფეროებში, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია", - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.