ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.
სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
"უელსის სამიტის დროს შევთანხმდით, რომ საქართველოს მხარდასაჭერად არსებითი პაკეტი გადაეცემოდა. ამ ეტაპზე პაკეტის ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. თბილისში ნატოელი და ქართველი ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს. დღეს კი მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და შევთანხმდებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატო-მ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ვისაუბრებთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას. მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ახორციელებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რათა გაუმჯობესდეს მისი უსაფრთხოება და ეს მას ნატო-ში გაწევრიანებასთან დააახლოებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ დაინტერესებულები ვართ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.