"მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მთავარი დანიშნულებაა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირებისთვის "სამართლებრივი" ბაზის შექმნა", - ასე ეხმაურება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთთან" ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს, რაც ე.წ. ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანებას ითვალისწინებს.
მისივე განმარტებით, განვლილი დროის მანძილზე გაფორმებული ყველა "დამხმარე" შეთანხმება თუ სხვა ერთობლივი დოკუმენტი მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის, ასევე, ბორდერიზაციისა და მილიტარიზაციის პროცესი უპირველესად ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება.
"მოსკოვსა და ცხინვალს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" გასული წლის მარტში დადებული ე.წ. ხელშეკრულების სახელწოდებიდან ნათლად ჩანს მისი მთავარი დანიშნულება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირებისათვის "სამართლებრივი" ბაზის შექმნა. განვლილი დროის მანძილზე გაფორმებული ყველა "დამხმარე" შეთანხმება თუ სხვა ერთობლივი დოკუმენტი მოსკოვსა და ცხინვალს (ასევე - მოსკოვსა და სოხუმს) შორის, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ბორდერიზაციისა და მილიტარიზაციის პროცესი უპირველესად ამ მიზანს ემსახურება. თბილისის პროვოცირების სხვა გზა, არსებითად, კრემლს არც რჩება, რადგან სამხრეთ ოსეთის (და აფხაზეთის) "დამოუკიდებლობის" ამღიარებელთა რიცხვი არამც თუ არ გაზრდილა, არამედ შემცირდა კიდეც ბოლო წლებში 6-დან 4-მდე, ხოლო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში დევნილთა დაბრუნების უფლების დამადასტურებელი რეზოლუციების მხარდამჭერთა რიცხვი და გეოგრაფია განუხრელად იზრდება. ანუ, რუსული ექსპანსიონიზმის მიმართ მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია და არც ერთი ნახსენებ "ხელშეკრულებასა" თუ "შეთანხმებას" კანონიერი ძალა არ გააჩნია", - აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.