საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვერც დადებითი და ვერ უარყოფითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
კენჭისყრისას პროექტს შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ექვსმა წევრმა, თავი კი სამმა შეიკავა. გადაწყვეტილების მიღებას ცხრა ხმა სჭირდებოდა.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებათა პროექტზე იმსჯელა, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტს 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარუდგინა. პროექტის თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა იცვლება - უქმდება მაჟორიტარული არჩევნები და პარლამენტის 150 მანდატიდან, 75 - ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 - სამხარეო-პროპორციული სისტემით გადანაწილდება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს ვრცლად ისაუბრეს საქართველოში მაჟორიტარული სისტემის უარყოფით მხარეებზე და როგორც განაცხადეს, მაჟორიტარული სისტემა ვერ უზრუნველყოფს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს არჩევნების შედეგებზე ასახვას.
ამასთან, მათ უმრავლესობას სთხოვეს, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ინტერპარტიულ ფორმატში შეხვედრების გამართვამდე, ინიცირებული პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა არ მოხდეს.