ნატო ეგეოსის ზღვაში კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს

ნატო ეგეოსის ზღვაში კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს

ნატო ეგეოსის ზღვაში კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა, მინისტერიალზე მიიღეს.

მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც გერმანიის, თურქეთისა და საბერძნეთის ინიციატივა იყო, ნატო-ს ხომალდები, ევროპული სასაზღვრო სამსახურის, "ფრონტექსის" ძალებთან ერთად, ეგეოსისი ზღვაში პატრულირებას დაიწყებენ.

ოპერაცია მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეგეოსის ზღვის გავლით მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავთ. კერძოდ, ეგეოსის ზღვაში ალიანსი გაგზავნის მეორე სამხედრო-საზღვაო ჯგუფს, რომელსაც გერმანია უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, ნატო თურქეთ-სირიის საზღვარზე გააძლიერებს დაზვერვას და მონიტორინგს.

"მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ, რადგან კრიზისი ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას და ჩვენ გადაწყვეტილებების პოვნას უნდა შევუწყოთ ხელი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს მინისტერიალზე ასევე გადაწყდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსი საერთაშორისო კოალიციას მეტ მხარდაჭერას გაუწევს და ამ მიზნით, აშშ-ის მოთხოვნით, ნატო გამოყოფს "AWACS"-ის სისტემით აღჭურვილ თვითმფრინავებს.

"ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს კოალიციის შესაძლებლობებს, გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო, რომელიც ჩვენი საერთო მტერია", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.