ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცოტა ხნის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
შეხვედრის დარბაზში იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან ერთად შევიდა.
"უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ პაკეტის ფარგლებში თბილისში საქართველოს და ნატო-ს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად. ახალი საწვრთნელი ცენტრი ტაქტიკურ დონეზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა მომზადებას მაისში დაიწყებს. ჩვენ შევისწავლით, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ განვიხილავთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სტოლტენბერგმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას.
"მოვუწოდებ რუსეთს, გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას დამოუკიდებელ სახელწმიფოებად", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.