"ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა სახელისუფლებო ვარიანტს მხარი დაუჭიროს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, საპარლამენტო ოპოზიციამ სახელისუფლებო ვარიანტს დაუჭიროს მხარი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ამ თემაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებს. პირადად მაჭავარიანის აზრია, რომ თუკი ოპოზიცია საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლას ვერ შესძლებს, მან ხელისუფლების მიერ წარდგენილ ვარიანტზე – სისტემა 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის შეიცვალოს, უარი არ უნდა თქვას.

"ჩვენმა კოლეგებმა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის ორი კვირით გადადება მოითხოვეს, რადგან პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან. დაგეგმილია ვენეციის კომისიის ვიზიტი. ამასთან, საარჩევნო გარემოზე შეთანხმების საკითხი ევროკომისარმა ჰანმა ახსენა, რაც ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოდან წერილი გაიგზავნა. როგორც ჩანს, ჩვენს კოლეგებს იმედი აქვთ გამარჯვების და იმის, რომ პრემიერ-მინისტრი რაღაცას შეცვლის. მე ეჭვი მეპარება, პრემიერ-მინისტრს იმდენი პოლიტიკური ძალა ჰქონდეს, რომ მან ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა შესძლოს. კვირიკაშვილს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მე ამაში ეჭვი მეპარება. თუკი პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი ცვლილებების პაკეტი ჩავარდება, ამის შემდეგ ჩვენ – "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პოლიტსაბჭოს ფორმატში დავსხდებით, როგორც მოვიქცეთ 2020-თან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება არის ის, რომ ვხვდები, რომ ჩვენ 2008 წელს უნდა მიგვეღო შესაბამისი ცვლილებები და რეგიონალურ-პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით. ვფიქრობ, ჩვენ დავაგვიანეთ და ამიტომ ჩემი პოზიცია რაშიც მდგომარეობს, უკვე გასაგებია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ მაჭავარიანმა.

საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტში ორი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია წარდგენილი. უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით - მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც უმრავლესობის პროექტით, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამასთან, პარლამენტში წარდგენილია და დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 75 მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის – სამხარეო-პროპორიული სისტემით გადანაწილებას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი მხარდაჭერის გარეშე, პარლამენტი ვერც ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ დაამტკიცებს.