"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი, ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებით ინტერესდება და საზოგადოებას, "მაესტროს" დამფუძნებლებს, მეწილეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კითხვებით მიმართავს.
კერძოდ, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ძირითადი აქცენტი ბიზნესმენ "რუხაძის ფულზე" კეთდება და საზოგადოება არ ინტერესდება გოგელიას ფულის წარმომავლობით.
ამასთან, "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელის თქმით, საჭიროა გაეცეს პასუხები თუ რატომ მოხდა ტელეკომპანიიდან საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების გაშვება.
"ძალიან მნიშვნელოვანია დაისვას კითხვები, რომელზეც პასუხი მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას პასუხი არ გაუციათ. მე მაინტერესებს რატომ მოხდა ტელეკომპანია "მაესტროდან" საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების თეონა გეგელიას, ვახო სანაიას, დიანა ტრაპაიძის და ნინო ჟიჟილაშვილის გაშვება? ასევე საინტერესოა თუ რატომ გაუქმდა "სტუდია მონიტორის" კონტრაქტი "მაესტროსთან" და რატომ მიიყვანეს ტელეკომპანიაში თაღლითი გიორგი ისაკაძე.
მე ასევე მაინტერესებს მამუკა ღლონტისგან, თუ რატომ არ წარმოადგინა მან ის ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დამტკიცდებოდა მის მიერ გია გაჩეჩილაძის წილის ყიდვა, რომელზეც დღეს ღლონტი აცხადებს პრეტენზიას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილი ინტერესდება ასევე იმით, თუ რატომ უჭერენ მხარს არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები რუსული ფულის მქონე კოტე გოგელიას, რომელმაც მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტები ტელეკომპანიიდან გაუშვა.
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესები შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ დაგროვილი ვალების გადახდისგან თავის არიდებას, "მაესტროს" ხელოვნურად გაკოტრებას და სანაცვლოდ ახალი "მაესტრო24-ის" ამოქმედებას.
"ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" გახდა გადახდის უუნარო. ამის შემდეგ "მაესტროს" გენერალური დირექტორის სახელით შედის სასამართლოში განცხადება რომ ტელეკომპანია "მაესტრო" კოტრდება.
მოხდებოდა ძველი "მაესტროს" გაკოტრება და ახალი სახელით მოხდებოდა იმავე პირების მიერ სხვა ტელევიზიის ამოქმედება. ეს არის სქემა რომელიც ხშირად ხდება რუსეთის ფედერაციაში, სადაც კანონი არ კანონობობს. ეს, ჩემი აზრით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ სქემას მხარი აუბეს არასამთავრობო სექტორმა და მედიამ.