ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი, - ამის შესახებ დღეს საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.

უწმინდესმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე მეუღლესთან ერთად მიიღო.  უწმინდესი ევროსაბჭოს ელჩს მიესალმა და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.

თავის მხრივ, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უწმინდესი არის მართლმადიდებელი ქვეყნის პატრიარქი და სულიერი ლიდერი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კრისტიან ურსემ პატრიარქთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ იგი რუმინელი დიპლომატია და ძალიან კარგად ესმის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და პატრიარქის მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის.

საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროსაბჭო პატივს ცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქი ამას იზიარებს", - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

თავის მხრივ, უწმინდესმა სიხარული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩი რუმინეთიდანაა, რადგან რუმინეთსა და საქართველოს მჭიდრო მართლმადიდებლური ურთიერთობები აკავშირებს.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუმინეთში წელს ანთიმოზ ივერიელის ხსენების 300 წელი სრულდება.

"ჩვენ ჟენევაში გვქონდა შეხვედრა მის უწმინდესობასთან, რუმინეთის პატრიარქთან, მან მიმიწვია ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და ჩვენ ვემზადებით რუმინეთში ვიზიტისათვის", - აღნიშნა პატრიარქმა.