"ქართული ოცნება" პირველი ხელისუფლებაა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის შეფასებით, "ქართული ოცნება" პირველი ხელისუფლებაა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამს.

ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს დასავლური კურსი, რაც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ქართველი ხალხის არჩევანია და ეს დასავლური არჩევანი მრავალი საუკუნის წინ განისაზღვრა. ეს არის მთელი საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რომელიც არ იცვლება საუკუნეების განმავლობაში და ვერ შეიცვლება დღეს. თუ ვილაპარაკებთ ამ ინტეგრაციის რეალურ ნაბიჯებზე, შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ხელისუფლება, რომელიც ამას ახორციელებს, არის ის ხელისუფლება, რომელმაც სამი წლის წინ გაიმარჯვა არჩევნებში. მანამდე იყო ბევრი რიტორიკა და აბსოლუტურად ანტიდასავლური პოლიტიკა, იმიტომ რომ არ შეიძლება დასავლურ პოლიტიკად ჩაითვალოს ციხეებში ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების ხვრეტა, ბიზნესის დატერორება და ასე შემდეგ", - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ "რეალური დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკა ტარდება დღეს".