არსებითად მცდარია იმის მტკიცება, რომ ამ სამი ხის გადარგვა გამოიწვევს რაიმე ფორმით ეკოლოგიურ პრობლემას, - ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც ციხისძირის ყოფილი სანერგე მეუნეობიდან ხეების გადარგვის საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დავალებით სამინისტრომ შეისწავლა სოფელ ციხისძირში სამი ხის გადარგვის პროექტი.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, შპს "ზიმოს" დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის საფუძველზე 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ხე ტიტა და ასევე 2 ერთეული ჭაობის კვიპაროსი. კონკრეტულად ეს ხეები იქნა ჩვენს მიერ შესწავლილი. კომპეტენტური სპეციალისტების ჯგუფთან ერთად პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც მოხდა ამ ხეების დათვალიერება, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და სრული პასუხისმგებლობვთ ვაცხადებ, რომ იმ განცხადებებიდან, რომლებიც მოვისმინე, რამდენიმე რამ არსებითად მცდარია. ეს ხეები არ არის წითელი ნუსხის, ეს ხეები არ არის რელიქტი, ეს ხეები არ არის არც ერთი ფორმით ენდემური და ამ ტიპის ხეები ძალიან ბევრია, როგორც ლოკალურად, ასევე რეგიონში. ნებისმიერი განცხადება იმის თაობაზე, რომ ან ასაკით, ან თავისი სახეობით ეს არის უნიკალური ხეები – ეს არის არსებითად მცდარი. არსებითად მცდარია იმის მტკიცებაც, რომ ამ სამი ხის გადარგვა გამოიწვევს რაიმე ფორმით ეკოლოგიურ პრობლემას. ეს არის ინტენსიური გამწვანების ზოლი და შესაბამისად, სამი ხის ამოღება და გადარგვა ვერანაირად ვერ გამოიწვევს ეკოლოგიური ხასიათის პრობლემას", - განახცადა მურღულიამ.
მისივე თქმით, ასევე არსებითად მცდარია განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე შეიძლება სანაპირო ზოლში სამი ხის გადარგვამ გამოიწვიოს წყლის ბალანსის დარღვევა. ამასთან, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ხეების გადარგვის პრაქტიკა არის მსოფლიოში აპრობირებული.
"ეს ეხება დიდი ზომის ხეებსაც და მცირე ზომის ნერგებსაც. არსებობს სპეციალური ხის გადამრგავი მანქანები, რომლებიც ამას ფესვების დაზიანების გარეშე აკეთებენ. ხის გადარგვა ვერ იქნება პრობლემა მორალური ან იურიდიული სახის. ამ კონკრეტული ხეების გადარგვა დაკავშირებულია რისკთან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თანმდევი ღონისძიებების აქტიური განხორციელება, ასეთი რისკი არსებითად მცირდება", - განაცხადა მურღულიამ.
რაც შეეხება ხეების სამომავლო ლოკაციას, მურღულიას თქმით, ხეები განთავსდება კონტროლირებად გარემოში.
"ლოკაციის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. თვითონ კომპანია ამბობს, რომ ლოკაცია განისაზღვრება ტრანსპორტის სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ხეების განთავსება ხდება კონტროლირებად გარემოში, მოხდება მათი შემდგომი მოვლა და ზრუნვა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, აჭარის მთავრობას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება განკარგოს ნებისმიერი ტიპის ქონება, მათ შორის სატყეო ქონება.
"მას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება ასეთი ხელშეკრულების დადების და ჩვენ ამ ხელშეკრულების მიმართ რაიმე ტიპის რეაგირების საფუძველი არ გვქონია", - განაცხადა მურღულიამ.