ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული და ჩვენი მიზანი დანაშაულზე პასუხისმგებელი ინდივიდუალური პირების გამოვლენაა , - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ბენსუდას თქმით, როცა იქნება საკმარისი მტკიცებულებები ამა თუ იმ პირის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენის შესახებ, ის დაპატიმრების ორდერის გაცემას მოითხოვს.
"სასამართლო ქვეყნებს შორის დავის გარკვევით არ არის დაკავებული. ჩვენი მანდატი არ არის საუბარი თუნდაც ტერიტორიულ საზღვრებზე და ა.შ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ ჩადენილ სისხლის სამართლის ყოველ კონკრეტულ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები, ამიტომ არის საჭირო მყარი მტკიცებულებები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გამოვავლინოთ პასუხისმგებელი პირები, ვინც უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ მტკიცებულებები მიგვიყვანს ინდივიდუალურ პირებამდე. ამ პირებზე მოვითხოვთ დაპატიმრების ორდერის გაცემას. ეს შეიძლება იყოს ერთი პირი ან ერთზე მეტი", - განაცხადა ბენსუდამ.
მან ასევე ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელსაც პროკურორის ოფისი სასამართლოს მიერ გამოძიების ნებართვის მირების შემდეგ გაივლის.
"პირველი, რაც მჭირდება, ეს ჩემი გუნდია. აქ უმთავრესი, გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩემი ოფისი იწყებს გამოძიებას და სხვა არავინ. ვერავინ გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად ან ჩვენთვის. უნდა გააკეთოს გუნდმა, რომელსაც მე შევქმნი. ახლა ვიწყებ გუნდის ჩამოყალიბებას. დავიწყებთ ძებნას და უპირატესობა მიენიჭება იმ ადამიანებს, რომელთაც შეხება ჰქონიათ, ანალიზში იყვნენ ჩართულები. როდესაც გვეყოლება გუნდი, განვსაზღვრავთ, ვინ ჩაატარებს გამოძიებას. ასევე დავგეგმავთ ვიზიტებს ყველგან, სადაც ჩავთვლით საჭიროდ. რა თქმა უნდა, ეს ეხება საქართველოს, მის ნაწილს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ გავაგრძელებთ გამოძიებას. გვექნება გეგმა, შევადგენთ სტრატეგიას. ეს სამუშაო, მასალები და მთელი პროცესი არის სრულიად კონფიდენციალური. შევაგროვებთ, გამოვიძიებთ და მოვა დრო, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ შეფასებას. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, მოვიდა თუ არა დრო, მივმართო ისევ მოსამართლეებს, მოვითხოვო დაპატიმრების ორდერის გაცემა ინდივიდუალური პირების მიმართ, მოვითხოვო პირები, რომლებიც ჩემი და ჩემი გუნდის აზრით, უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე. ეს დამოკიდებული იქნება ჩემს გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ბენსუდამ.
პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც ის ადგილობრივ დონეზე არ არის გამოძიებული. ბენსუდას თქმით, რუსეთში ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და იგი მონიტორინგს უწევს პროცესს, თუმცა ქართულმა მხარემ გასული წლის მარტში გადაწყვიტა, რომ გამოძიება შეეწყვიტა.
"ჩემი, როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის როლია, რომის სტატუსის მიხედვით თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და არავინ სხვა თუ არ აპირებს გამოძიებას, მაშინ სასამართლოს პროკურორი უნდა ჩაერთოს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, პირველ რიგში, საქართველო მოვალეა და პასუხისმგებელი, რომ გამოიძიოს, მაგრამ თუ საქართველოს არ შეუძლია ამის გაკეთება, ან არ აქვს სურვილი, მაშინ სასამართლოს პროკურორი ერთვება", - განაცხადა ბენსუდამ და დასძინა, რომ მას სჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან.