1-2 თებერვალს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ფორუმს, სახელწოდებით "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები" გამართავს.
ფორუმი პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს. ფორუმს ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მისასალმებელ სიტყვებს, ასევე, წარმოთქვამენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი და IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
ღონისძიების თითოეული დღე დაყოფილია ორ ნაწილად და მოიცავს ისეთ განსახილველ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და საქართველოს დემოკრატიული განვითარება. მოწვეული მომხსენებლები ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგო თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესზე, კარგ მმართველობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.