თურქეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, 29 იანვარს, ადგილობრივი დროით 11:46 საათზე, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენმა "სუ-34"-მა თურქეთის საჰარეო სივრცე გადაკვეთა. ვიდრე რუსული თვითმფრინავი საზღვარს დაარღვევდა, მფრინავი რუსულ და ინგლისურ ენებზე არაერთხელ გააფრთხილეს.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამგვარი მოქმედებები შესაძლოა, სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ანკარაში კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსკოვს, არ დაარღვიოს თურქეთის საჰარეო სივრცე, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეა.
ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და რუს დიპლომატს პროტესტი გადასცეს.